ENG
28 აგვისტო, 2023

მანუშაკ მკრტჩიანი, სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი

მანუშაკ მკრტჩიანი, სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი

 

„სოფლიდან წასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ არა, მე აქ უნდა დავრჩე“

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ სოფელ როდიონოვკის ბავშვებმა კარგად იცოდნენ ქართული ენა“

მანუშაკი 15 წელია ქართულს როგორც მეორე ენას ასწავლის. ამბობს, რომ პროფესიული გავლენა მასზე ქართული ენის პედაგოგმა- თბილისიდან სოფელ როდიონოვკაში მასწავლებლად ჩასულმა ახალგაზრდა გოგონამ- მოახდინა.

“ის გახდა ჩემი როლური მოდელი. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მეც მომინდა ქართული ენის მასწავლებელი ვყოფილიყავი. ბავშვობიდან მიყვარდა ეს ენა.”

მანუშაკი 12 წლის იყო, როცა ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლა დაიწყო- ფაქტობრივად, დამოუკიდებლად, ლექსიკონებისა და წიგნების საშუალებით. იქამდე ქართულს სკოლაშიც სწავლობდა, თუმცა სოფლის მძიმე პირობების გათვალისწინებით, მასწავლებლებს დედაქალაქიდან როდიონოვკაში სიარული უჭირდათ და, შესაბამისად, ქართული ენის გაკვეთილებიც არასისტემატიური და ეპიზოდური იყო.

“ჩვენთან ძალიან მკაცრი ზამთარი იცის- თოვლი, ქარბუქი, ჩაკეტილი გზები... ამას ემატებოდა უშუქობა, უწყლობა. ეს ყველაფერი ქართულის მასწავლებლებს თბილისიდან სიარულს ურთულებდა, ამიტომ ქართულის სიღრმისეულად სწავლა შეუძლებელი იყო.“

ენის შესწავლის საშუალებას არც გარემო იძლეოდა, ეთნიკური სომხებით დასახლებულ როდიონოვკაში ქართულად თითქმის არავინ ლაპარაკობდა.

„უფროსმა თაობამ საერთოდ არ იცის ქართული, არც კომუნიკაცია შეუძლიათ, არც წერა-კითხვა. ახალგაზრდები უკვე სწავლობენ, გაცნობიერებული აქვთ, რომ საჭიროა ქართულის სწავლა.”

მანუშაკი ამბობს, რომ მის შემთხვევაში, დიდი ინტერესის მიუხედავად,  სწავლის პროცესს ართულებდა ის, რომ ქართულ ენაზე საუბრის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა. არც ინტერნეტი იყო და არც ვინმე, ვინც მის კითხვებზე პასუხების გაცემას შეძლებდა; ვისთანაც დიალოგი იქნებოდა შესაძლებელი.

“ყველაფრის გარკვევა თვითონ მიწევდა. იმასაც კი ვერ ვიგებდი, სწორად ვსწავლობდი თუ არა. ახლა ინტერნეტის დახმარებით ყველაფერი გაცილებით გაიოლდა.”

მანუშაკი იხსენებს, როგორ ემზადებოდა საკლასო ოთახში მასწავლებლის ამპლუაში პირველად შესასვლელად და რამხელა მღელვარებას უკავშირდებოდა ეს პროცესი.

„წინასწარ შევადგინე გეგმა, დეტალურად გავწერე ყველა გაკვეთილი. მაკომპლექსებდა ის, რომ ქართულად  კარგად ვერ ვლაპარაკობდი; რომ იყო სიტყვები, რომლებიც არ ვიცოდი. თბილისში ჩასულს, მრცხვენოდა იმის თქმა, რომ ქართული ენის მასწავლებელი ვარ, თუმცა რეალურად იქ მომეცა შესაძლებლობა შემეფასებინა რამდენად გამართულად ვლაპარაკობ, რა შეცდომებს ვუშვებ. პირველი წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე და მერე უკვე აღარ მქონია პრობლემა.”

გარდა იმისა, რომ სკოლაში ასწავლის, მანუშაკის მოსწავლეები მასთან სკოლის საათების შემდეგაც აგრძელებენ ქართულ ენაში მეცადინეობას. დამატებითი გაკვეთილები სრულიად უფასოა.

„თავიდან ჩემთან ვმეცადინეობდით, სახლში. ახლა უკვე გვაქვს სპეციალური სივრცე, სადაც ჩემს მოსწავლეებს შეუძლიათ ქართული ენის შესწავლას მეტი დრო დაუთმონ და ცოდნა გაიღრმავონ. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია იმის განცდა, რომ რასაც ვაკეთებ, მნიშვნელოვანია. ეს მმატებს მოტივაციას.”

მანუშაკი აღნიშნავს, რომ ქართული ენის შესწავლის პროცესში დღეს უკვე მისი მოსწავლებისთვისაც სირთულეს წარმოადგენს სოფელ როდიონოვკაში ქართულ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობის არქონა. მისი სურვილია როდიონოვკაში დაწესდეს ქართული ანბანის დღე- ყოველწლიური დღესასწაული, სადაც დაპატიჟებულები იქნებიან ქართველი სტუმრები.

“ეს გაზრდის ქართული ენის ურთიერთობით სწავლის შესაძლებლობას. ახლა მხოლოდ წიგნებიდან და რესურსებით ვსწავლობთ. როცა ენას პრაქტიკაში აქტიურად არ იყენებ, ეს მისი შესწავლის პროცესს ართულებს.”

მანუშაკი ამბობს, რომ როგორც პედაგოგი თვითონაც ყოველდღიურად მუშაობს საკუთარ თავზე.

„ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მათ ყოველდღიურად ვეკონტაქტები ფეისბუკზე, მათ პოსტებს ვკითხულობ, ახალ ამბებს ვუსმენ, სისტემატიურად ვსწავლობ ახალ სიტყვებს. ესაა ყოველდღიური პროცესი. ცოდნის გაღრმავებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. პარალელურად, მეურნეობა მაქვს, რომელსაც მეუღლესთან ერთად ვუვლი. ორი ქალიშვილი მყავს. სოფელში რთული პირობებია, თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობაა.“

მანუშაკი საკუთარი შრომის მთავარ მოტივაციად მოსწავლეებისთვის ქართული ენის საფუძვლიანად სწავლებას ასახელებს.

„უპირველეს ყოვლისა, ისინი საქართველოში ცხოვრობენ და აუცილებლად უნდა იცოდნენ ქართული. ენის არცოდნით გამოწვეულ ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს, მაგალითად, ის, რომ ჩვენი სოფლის მოსახლეობას უჭირს თბილისში ექიმთან ჩასვლაც კი. მთელ ჩემს დროს, ენერგიას ვხარჯავ იმისთვის, რომ საკუთარი ხელით დავამზადო რესურსები, თვალსაჩინოებები, ქართული ენის გაკვეთილები განსხვავებული და საინტერესო გავხადო მოსწავლეებისთვის. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩემი სოფლის ბავშვებმა კარგად იცოდნენ ქართული ენა. მე ძალიან რთული გზა გავიარე ამისთვის და მინდა საკუთარი გამოცდილებით მათ ეს გზა გავუიოლო. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ შევძელი ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სურვილი გამეღვიძებინა.“

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრას მანუშაკი უდიდეს პასუხისმგებლობად აღიქვამს.

„რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო აცნობიერებ, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი. მე თუ საქმეს ვაკეთებ, კარგად უნდა გავაკეთო, თუმცა სულ მაქვს კითხვები: შევძლებ? კარგად გამომივა? ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ახლა მოტივაცია გამიათმაგდა. იმის გაცნობიერება, რომ შენს საქმიანობას ხედავენ და აფასებენ, ძალიან სასიხარულოა. უამრავი გეგმა მაქვს. ადრე სულ ვფიქრობდი, უნდა წავიდე ამ სოფლიდან, ამ პირობებს თავი უნდა დავაღწიო-მეთქი. სირთულე უამრავია, ზამთარში- განსაკუთრებით. გაზი არაა, არ გვაქვს ბაგა-ბაღი, სათამაშო, სპორტული მოედანი... წასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არა, მე აქ უნდა დავრჩე და გავაკეთო ყველაფერი, რაც ვიცი, რომ შემიძლია.“