ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
Hamptons & Soles-ის ამბავი 2017 წელს იწყება, როდესაც მომხმარებელმა ძვირადღირებული ჩანთა მოგვიტანა და რესტავრაცია გვთხოვა. მაშინ ჯერ კიდევ „ავტო-დითეილინგ“ ცენტრის თანადამფუძნებელი ვიყავი, რომელიც ავტომობილების სალონების რესტავრაციას გულისხმობს, შესაბამისად, მსგავსი სერვისი არ გვქონდა, თუმცა მომხმარებელს სურვილი შევუსრულეთ და იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ სხვებსაც გაუწია რეკომენდაცია. ასე გადავედით ავტო ინდუსტრიიდან ფეხსაცმელების, ჩანთებისა და ქურთუკების რესტავრაციაზე.
იმ დროისათვის, საქართველოში ტყავის ხარისხიანად მოვლის სერვისი არ არსებობდა და მეც ტყავის მაღალხარისხიან ნაწარმში დავინახე ხელოვნება იმ სახით, როგორიც მე მიყვარს. ტყავის რესტავრაციის პროცესიც ასეთია - ოსტატი ფერებს აზავებს, ფუნჯებით ღებავს, თითოეულ წერტილს საგულდაგულოდ ამუშავებს - საოცრად ესთეტიკური.
ჩვენ შესახებ ადამიანების რეკომენდაციებით გავრცელდა და ასე გაიზარდა ცნობადობა ჩვენ შესახებ. მალე, მოთხოვნამ იმდენად იმატა, რომ ამ საქმის პროფესიონალურად შესასწავლად, ევროპაში გამგზავრება გადავწყვიტეთ აღმოჩნდა, რომ იქ ძვირფასი ნივთების რესტავრაცია მთელი ინდუსტრიაა. ავითვისეთ ტყავის რესტავრაციის რამდენიმე ტექნოლოგია და შესაბამისი კოსმეტიკური მასალების ყველა მწარმოებელთან გავიარეთ გადამზადება. ევროპიდან დაბრუნებულებმა აქ შევასწავლეთ ტყავის დამუშავება ჩვენს სპეციალისტებს, რომლებსაც მანამდე მსგავსი გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ. თანამშრომლების აყვანისას, გამოცდილებაზე მეტად ყურადღებას ესთეტიკის შეგრძნებას ვაქცევთ და ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კულტურული თავსებადობა დავინახოთ. დღეს უკვე ჩვენი გუნდი 16 ადამიანს აერთიანებს.
ვართ გერმანული კომპანია Colorlok-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენჯერმე ჩამოვიყვანეთ კიდეც. შემდეგ, ტრენინგ-ცენტრის სტატუსი მოგვანიჭეს, რაც საშუალებას გვაძლევს ადგილზე დავატრენინგოთ სპეციალისტები და Colorlok-ის სერტიფიკატები გავცეთ.
ყველაფერი იმდენად კარგი დინამიკით განვითარდა, გადავწყვიტე ეს საქმე ავტომობილების სარესტავრაციო ბიზნესისგან გამომეყო. ავტო-დითეილინგ სერვისის წილი გავყიდე და სხვა სახელით განვაგრძეთ ოპერირება. სახელდება Hamptons & Soles-ის შთაგონება ინგლისიდან მოდის, სადაც ტყავის ძვირფასი ნივთების მოვლა ძალიან პოპულარული სერვისია. იქ არის ქალაქი ნორთ-ჰემპტონი, სადაც 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, მამიდან შვილს მემკვიდრეობით გადაეცემა ძვირფასი ხელნაკეთი ტყავის წარმოების კულტურა. ნორთ-ჰემპტონი ტყავის პრემიალური პროდუქტების წარმოების მექაა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი სახელწოდების პირველი ნაწილი ამ ქალაქთან დაგვეკავშირებინა, ხოლო მეორე ნაწილი - „სოულს“ ფეხსაცმლის ძირებს ნიშნავს. ვთვლით, რომ ფეხსაცმლის მოვლა მისი ძირებით იწყება, ამიტომაც გამოვიდა კომპანიის სახელი, ინგლისურ სტილში - „ჰემპტონს & სოულს“.
ორი წლის წინ, მოზრდილი სახელოსნოსა და მიმღები პუნქტის მოწყობა გადავწყვიტეთ, რისთვისაც დამატებითი რესურსების მოძიება დამჭირდა. ამ დროს, უკვე მქონდა დიდი სესხი ერთ-ერთ ბანკში და იქვე ვაპირებდი დამატებითი კრედიტის აღებას, როცა ლიბერთი ბანკიდან თავად დამიკავშირდნენ. ველოდი, რომ პროცედურა, ხანგრძლივი და ბიუროკრატიული იქნებოდა, მომიწევდა სადმე მისვლა, შემოსავლების დადასტურება, ლოდინი და ა.შ. თუმცა, ლიბერთისთან პროცესი უმარტივესად წარიმართა, ყოველგვარი დამატებითი პროცედურებისა და უკვე არსებული სესხის გადმოტანის გარეშე. ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა ეს ურთიერთობა - მოქნილი პირობებით, სწრაფი სერვისით, ყველაფერი ჩემი მინიმალური ჩარევით წარიმართა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაკავებული ადამიანისთვის. თავად თანამშრომლებისგანაც დიდი ყურადღება და კეთილგანწყობა იგრძნობა. დღესაც ხშირად ინტერესდებიან, როგორ ვვითარდებით და ვგრძნობ მათგან ყურადღებასა და მხარდაჭერას.
ფაქტობრივად, ყოველწლიურად ორმაგი ზრდა გვაქვს. თავდაპირველად, როდესაც ავტოსერვისიდან ცალკე ფართში გადავედით, პატარა სახელოსნო გავხსენით რუსთაველის მეტროსთან ახლოს. შემდეგ, ლიბერთის სესხით, 1 წელიწადში, ვაკის აქსისის შენობაში - მიმღები პუნქტი მოვაწყვეთ და 100 კვ.მ სახელოსნოში გადავინაცვლეთ. ახლა, სექტემბრიდან, 200 კვ.მ სივრცეში გადავდივართ. ამ დროისათვის, გვაქვს სამი ფილიალი - ორი მიმღები პუნქტი და ერთი დიდი სახელოსნო. ვთვლი, რომ ამ საქმეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. თანაც, ამ მომენტისათვის, საქართველოში კონკურენცია ფაქტობრივად არ არის. მსგავსი სერვისის სხვაგან მისაღებად, ნივთი მფლობელმა ევროპაში უნდა ჩაიტანოს, სადაც დიდი მოთხოვნის გამო, ხშირ შემთხვევაში, 3-4-თვიანი ლოდინი უწევს. ჩვენ შემთხვევაში კი დღემდე, მომხმარებლები თავად უზიარებენ ჩვენ შესახებ ინფორმაციას, ამიტომ სარეკლამო ბიუჯეტი თითქმის არ დაგვჭირვებია. სერვისიც სულ უფრო იხვეწება, ადგილზე მოსვლის გარდა, მომხმარებლებს ნივთების მიტანის სერვისის დახმარებით მოწოდებაც შეუძლიათ, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტია მათთვის.