ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
„განათლებაა მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი თავის აღმოსაჩენად“
„ჩემი მთავარი მოტივაციაა, მოსწავლეებს შესაძლებლობების ბევრი ფანჯარა გავუხსნა“
ნანა 2007 წლიდან ჯერ ფრანგული ენის, შემდეგ კი სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. როცა სკოლებში მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების სწავლება დაინერგა, ამ საგნის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, შესაბამისი გამოცდა ჩააბარა, კომპეტენცია დაადასტურა და სწავლება დაიწყო. მისი ინტერესი ამ სფეროს მიმართ დიდწილად თავდაპირველმა პროფესიამ- ფრანგული ენის სპეციალისტობამ და საფრანგეთის შთამბეჭდავმა ისტორიამ განსაზღვრა.
„საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო იმ დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დამკვიდრებისათვის, რომელთა დამკვიდრებასაც ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში. ამ საგანმა ძალიან დამაინტერესა, რადგან ახლოს იყო ჩემს ღირებულებებთან. სამოქალაქო განათლების პედგოგებს დიდი მისია გვაკისრია, რადგან ჩვენი საგნის სწავლების მიზანი მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების, კრიტიკულად მოაზროვნე თაობის აღზრდის ხელშეწყობაა, რომლებსაც გააზრებული აქვთ თავიანთი უფლებები და მოვალეობები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, პატივს სცემენ სხვების უფლებებს და აქტიურად არიან ჩართული თავიანთი ქვეყნის განვითარებაში.‘’
ნანა ამბობს, რომ მასწავლებლის პროფესია მშობლების მაგალითით აირჩია, რომლებიც პედაგოგები არიან. მისთვის უცხო არ იყო ეს სფერო
„სკოლაშიც არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა და ალბათ ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მათთან ერთად იმ აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, რაც მათი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი მოსწავლეები უკვე ძალიან ბევრ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში წარმატებით მონაწილეობენ და ამ წარმატებაში ჩემი დიდი წვლილიცაა.‘’
ნანა მიიჩნევს, რომ დღევანდელი სკოლა ძალიან განსხვავდება მისი ბავშვობის სკოლისგან.
„განსხვავებულია ის პრინციპები, დამოკიდებულებები, ღირებულებები, რაც არის და რაც ინერგება საგანმანათლებო სისტემაში. სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოზარდს ჯანსაღი მიდგომები და დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდეს, ხელი შეეწყოს მისი უნარების აღმოჩენასა და განვითარებას. სწორედ ამას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაც. ჩემს პრიორიტეტს პროექტული სწავლების ხელშეწყობა, ინოვაციური მეთოდებით სწავლება და ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს, რაც მეცადინეობის პროცესს საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის, მოსწავლეებს საუკეთესო შედეგების მიღწევასა და მომავლის უნარების განვითარებაში ეხმარება. მაგალითად, სამოქალაქო განათლების სწავლების ისტორიაში წელს პირველად გამოვიყენეთ MineCraft და TinKerCad ის საგანმანათლებლო პლატფორმები.“
ნანა ამბობს, რომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს.
„მე გახლავართ ‘’სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის’’ აქტიური წევრი. მახარებს, რომ წელს ამ ფორუმის კონფერენცია-გამოფენაზე დავჯილდოვდი ნომინაციაში "პროექტების მხარდამჭერი მასწავლებელი.“ ფორუმი ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე; ეს იქნება თემატური შეხვედრები, ვებინარები, ტრენინგები, გრძელვადიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტები. ასევე ძალიან დიდია USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დამსახურება, რომლის მეორე ეტაპის ხუთწლიან პროგრამაშიც კვლავ ჩართულია ჩვენი სკოლა და რომელიც შესაძლებლობის უამრავ ფანჯარას გვიხსნის სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. შესაბამისად, ბევრი შესაძლებლობა და რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება სკოლაში იყოს სრულყოფილი.“
ნანა მიიჩნევს, რომ კარგი მასწავლებელია ის, ვინც მოსწავლეებთან კეთილგანწყობილ, მეგობრულსა და თანამშრომლობით ურთიერთობას აყალიბებს. ამბობს, რომ როცა ეს მოგვარებულია, ბავშვის ნდობის მოპოვება უკვე იოლია და სწავლა-სწავლების პროცესიც ეფექტიანია.
„სკოლაში არაფორმალურ განათლებას ვხელმძღვანელობ. მოსწავლეებთან ერთად უამრავ პროექტს ვგეგმავ და ვახორციელებ. პროექტული სწავლება, რომელიც სრულიად განსხვავდება სწავლების ტრადიციული მეთოდისგან, გულისხმობს კეთებით სწავლებას, რაც ხელს უწყობს როგორც სასწავლო მასალის უკეთ ათვისებასა და გააზრებას, ასევე კრიტიკული აზროვნების, გუნდურობის, ერთმანეთზე ზრუნვის, თანამშრომლობითი, პრობლემის სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად გადაჭრის, შემოქმედებითი და სხვა უნარების განვითარებას. პროექტების განხორციელების პროცესში ბავშვები იღებენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას, ხდებიან უფრო თავდაჯერებულები თავიანთ შესაძლებლობებში, უმაღლდებათ მოტივაცია და უფრო აქტიური ხდება მათი მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში.“
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრას ნანა, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობად განიხილავს.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობა არის უდიდესი აღიარება და დაფასება პედაგოგისათვის, რაც, ამავდროულად, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ასეთი ძლიერი ერთობის წევრობა არის დიდი შესაძლებლობა, რომ ჩემი საქმიანობა გავხადო უფრო ფართომაშტაბიანი, მრავალფეროვანი, საინტერესო და ინოვაციური, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს სკოლისა და, შესაბამისად, მოსწავლეების განვითარებას.’’
ნანა ამბობს, რომ მისი პედაგოგიური საქმიანობის უმთავრესი მოტივაციაა ის, რომ მოსწავლეებს შესაძლებლობის რაც შეიძლება მეტი ფანჯარა გაუხსნას და თვალსაწიერი გაუფართოვოს.
„ ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფადცვალებად სამყაროში, ამიტომ მოსწავლეებს უნდა გამოვუმუშავოთ მომავლის უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ მოემზადონ იმ მუდმივად ცვალებადი გარემოსათვის, სადაც ტექნოლოგიები დომინირებს. მიმაჩნია, რომ მომავალი თაობისათვის განათლებაა ის მძლავრი ინსტრუმენტი, რითაც შეძლებენ აღმოაჩინონ თავიანთი თავი, სწორად განსაზღვრონ თავიანთი ორიენტირი ცხოვრებაში და დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში. ‘’