ENG
01 თებერვალი, 2022

გიორგი ალავიძის ახალი მიზანი

გიორგი ალავიძის ახალი მიზანი

 

გამოცდილი მხატვარ-კერამიკოსი ვარ. ეს საქმე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე და მას შემდეგ, არ გავჩერებულვარ - მხატვართა კავშირის წევრი ვარ და უკვე 30 წელია კერამიკაზე ვმუშაობ. სხვადასხვა ქართული ბრენდისთვის, როგორიცაა „ასკანელი ძმები“, „დუგლაძე“ - საღვინე ჭურჭელს ვამზადებ. ჩვენი დამზადებული ჭურჭლით სასმელი ჩინეთში გადის. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ბოლო წლებში, აქტიურად დავიწყე სასუვენირე მიმართულება, რასაც საქართველოს პოპულარულ ტურისტულ ადგილებში ნახავთ. მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე, მხატვარია, ერთად ვმუშაობთ და ასამდე სახეობის პროდუქტს ვქმნით. ჩვენი შთაგონების წყარო ძველი, ფეოდალური პერიოდის მოჭიქული კერამიკაა, რომლის უმაღლესი ხარისხის რეპლიკებსაც ვქმნით.

25 წლის წინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა „ჩაბნელებული“ იყო, კაპადოკიაში ვმუშაობდი. ჯგუფი მყავდა წაყვანილი და შვიდი მხატვარი ვმუშაობდით ადგილობრივ ბაზარზე. ვაკვირდებოდით, რა მოსწონდათ, რას ეძებდნენ და კაპადოკიის თემატიკით ვაკეთებდით სუვენირებს. შემდეგ, საქართველოში ტურიზმის განვითარება დაიწყო. იმატა ტურისტების რაოდენობამაც და ხარისხმაც.

დავბრუნდით საქართველოში და აქ დავიწყეთ სუვენირებზე მუშაობა. ვარკეთილში, საკუთარ სხვენში მაქვს გაკეთებული სახელოსნო. საქმე კარგად მიდიოდა. ექვსი ადამიანი მყავდა დასაქმებული. პანდემიამ სრულად გაგვაჩერა. ვერც უკვე ჩამოსხმული და გამზადებული პროდუქციის გაგზავნა შევძელით. გაუჭირდა დამკვეთსაც. დაიწყო მწვავე კრიზისი. გართულდა მაღაზიებთან ურთიერთობაც - ბევრი დაიკეტა, რომლებიც გადარჩნენ, ვერ მიხდიდნენ გაყიდული პროდუქციის თანხას… ვცდილობდი, კერამიკის ნაცვლად, შემოსავალი გრაფიკული ნამუშევრებიდან მიმეღო, დავიწყე სვანეთის პეიზაჟების ხატვა. თუმცა, იმდენად რთული პერიოდი იყო, რომ პენსიონერი დედისა და სიდედრის იმედად დავრჩით (მე ჯერ პატარა ვარ პენსიისთვის), ვისთვისაც მანამდე არასოდეს გამომირთმევია ფული. შემდეგ, გადამედო Covid-19, რომელიც ძალიან ცუდად გადავიტანე. ამას დაერთო ისიც, რომ  ტრანსპორტირების პრობლემა შემექმნა - მანქანა გამიფუჭდა. სხვა გზა არ იყო - სესხი დამჭირდა, საქმე და მანქანა რომ ამემოძრავებინა, ჭურჭელში ღვინო ჩამესხა, მასალები მეყიდა... სასოწარკვეთაში ჩავვარდი. არც არავინ დაიჯერებდა, მე რომ ასე გამიჭირდებოდა. განსაკუთრებული თანხა არ იყო, მაგრამ მაინც მომერიდა ახლობლებისთვის თხოვნა და ბანკებს მივმართე.

ყველამ უარით გამომისტუმრა, მათაც, ვისი კლიენტიც დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი - თქვენ არ მუშაობთ და გადახდისუნარიანი არ ხართო. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. შემდეგ, „ლიბერთის“ მივმართე. ძალიან კარგი კრედიტ ოფიცერი შემხვდა. ვისაუბრეთ, მოვიდნენ, ნახეს ჩვენი სახელოსნო, სამუშაო გარემო, დარწმუნდნენ, რომ ახლაც ვმუშაობ, ძალიან ყურადღებით მოეკიდნენ ჩემს საქმეს და დამთანხმდნენ კიდეც. იმ წამალივით იყო, ზუსტად მაშინ რომ მოგაწვდიან, როცა გჭირდება. ღმერთმა გაუმარჯოს ამ მხარდამჭერისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ურთიერთობით, დიდი ყურადღებით მომეკიდნენ.

დავბრუნდი სახელოსნოში, ყალიბებს ვამზადებ და საქმეც ნელ-ნელა ამოძრავდა. შემდეგ, სვანეთში წავედი, მეუღლე სვანი მყავს, მის დას ოჯახური სასტუმრო მოვუხატეთ. მე სვანეთის პეიზაჟებს ვქმნიდი. მოეწონათ უცხოელებს და კიდევ შემიკვეთეს. მე თვითონ, რაჭველი ვარ და სვანეთის გარდა, იქაც ვაგზავნით ნამუშევრებს. თვალი დავიზიანე წინა წლებში და ასე ვთქვათ, ცალი თვალით ვხატავ, მაგრამ არ ვეპუები. პოსტკოვიდურ სიმპტომებსაც ვუმკლავდები და საქმეზე ვარ მომართული. თიხა და ყალიბები მოვამზადე. ძველი დამკვეთებიც გამოჩნდნენ და შეკვეთების კეთება დავიწყე საახალწლოდ.

კიდევ უამრავი გეგმა მაქვს, მაგალითად, საქართველოს რეგიონების მიხედვით პატარა ოდა სახლების მოდელების გაკეთება, რომელსაც პატარა სათავსოს ფუნქცია ექნება - ღვინისა და ქვევრის შესანახის. პატარა ეთნოგრაფიული სუვენირია და საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს მომხმარებლებში. ვგეგმავთ განვითარებას, ოჯახური ნაკვეთი გვაქვს ოქროყანაში, სადაც ვგეგმავთ სახელოსნოს ნაწილის გადატანას. პანდემიამ მიწასთან სიახლოვის სურვილი გამიძლიერა. ადგილზე, ღია ცის ქვეშ იქნება კერამიკაზე მუშაობა და საინტერესო სანახაობა. მთავარია, გადავრჩი, შევძელი ისევ საქმესთან დაბრუნება და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.